გაზიარება:

ბლოგი

    12თებ
    2018
    ტონზილიტი


     

    ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული.

     

    ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლადაც.

    დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკი, ადენოვირუსი) ალერგიას. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეში ჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა.

    განარჩევენ ტონზილიტის მარტივ ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება მხოლოდ ადგილობრივი სიმპტომები (ყელის ტკივილი და სხვ.), და ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმას, როდესაც ტკივილს დაერთვის ზოგადი მოვლენებიც (კისრის ლიმფადენიტი, ტემპერატურის მომატება, ცვლილებები გულის მხრივ და სხვ.). ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობს რევმატიზმის, ნეფრიტის, თირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.

     

     

    მწვავე ტონზილიტის სიხშირე შედარებით მაღალია გვიანი შემოდგომიდან ადრეული გაზაფხულის პერიოდამდე. იგი უფრო ხშირია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში.

    მიზეზები:

    ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს

    • ვირუსული (40%)
    • ბაქტერიული (30%) ფლორა.

    ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.

     

     

    სიმპტომები:

    ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ:

    • ყელის ტკივილს;
    • ყლაპვის გაძნელებას;
    • ცხელებას;
    • საერთო სისუსტეს;
    • თავის ტკივილს;
    • ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები;
    • კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია.

    ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერია იყოს. 

     

    თუ აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეა უფრო საფიქრებელია დაავადების გამომწვევი ვირუსი იყოს.