15თებ
2018
პნევმონია - ფილტვების ანთება


 

პნევმონია

პნევმონია ფილტვების ანთებას ეწოდება. პნევმონია არის ერთი, ან ორივე ფილტვის ქსოვილის ანთება.

გამომწვევი მიზეზები

გამომწვევი ფაქტორის მიხედვით პნევმონია არსებობს ძირითადად ორი სახის: ბაქტერიული და ვირუსული. ბაქტერიული პნევმონია შეიძლება განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიადაგზე, მაგალითად გაციების ან გრიპის დროს. პნევმონიის ეს ფორმა მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად იწვევს გართულებებს.

ვირუსულ პნევმონიას ახასიათებს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა  ვიდრე ბაქტერიულს, ხშირად ზამთარში გვხვდება და გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ზოგჯერ პნევმონიის გამომწვევი მიკოპლაზმები და მიკროორგანიზმებია, რომლებიც როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ ბუნებას ატარებენ. იშვიათად პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა დაავადებამ და პარაზიტებმა.

 

 

სიმპტომები

სიმპტომურად პნევმონია ხშირად გაციებასა და გრიპს ჰგავს.

ბაქტერიული პნევმონიის სიმპტომები ზოგჯერ მწვავედ და ერთბაშად იჩენენ თავს, ესენია: მწვავე ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, სველი ხველა, ცხელება, კანკალი, ძლიერი ოფლიანობა, ცხვირიდან შესქელებული გამონადენი, ტუჩებისა და ფრჩხილების სიფერმკრთალე.

ვირუსული პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: სიცხე, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა და გახშირებული სუნთქვა.

პნევმონიის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, გახსოვდეთ რომ დაავადების საწყის ეტაპზე, ექიმთან დროული კონსულტაცია და სწორი მკურნალობის დანიშვნა, მნიშვნელოვნად გაამარტივებს დაავადების მიმდინარეობას.

 

 

გართულებები

  • პლევრის ანთება (პლევრიტი);
  • ფილტვების შეშუპება;
  • ფილტვების აბსცესი;
  • სუნთქვის დარღვევები;

 

რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები

  • ჩვილები და პატარა ბავშვები;
  • მოხუცები;
  • მწეველები;
  • ადამიანები, ვისაც აწუხებთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად ასთმა, კისტური ფიბროზი, ან გულის, თვიძლის ან თირკმლის დაავადებები;
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა - მაგალითად ახლადგადატანილი გრიპის მქონე ადამიანები, ან ვისაც უტარდებათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ან ვისაც აქვს აივ/შიდსი ინფექცია და ა.შ.;

 

როგორ დავიცვათ თავი

  • 65 წელს ზევით პირებისათვის სასურველია გარკვეული სახის სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება;
  • რადგანაც პნევმონია ხშირად თან სდევს გაციებასა და გრიპს, როგორც გართულება, ამიტომ სასურველია ყოველწლიური, სეზონური ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე .
  • იბანეთ ხელები 15-30 წამის განმავლობაში და რაც შეიძლება ხშირად.
  • გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება, დასვენება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია.
  • არ მოწიოთ. მოწევა მნიშვნელოვნად აქვეითებს თქვენი ბრონქებისა და ფილტვების რეზისტენტობას რესპირაციული დაავადებების მიმართ.