17სექ
2018
ბავშვთა ფსიქოლოგიური მომზადება სასწავლო პროცესისათვის


სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ გაუმარტივოს ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება და მაქსიმალურად მოამზადოს შვილი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.

გთავაზობთ ბლოგს, რომელშიც მედისონის ამბულატორიული ქსელის ექიმი, სასწავლო პროცესისათვის ბავშვთა ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ისაუბრებს.

კითხვებზე გვპასუხობს ექიმი ფსიქიატრი / ფსიქოლოგი  ნინო წიკლაური

 

1. რა უნდა გავითვლისწინოთ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე და რა ცვლილებები მიმდინარეობს ბავშვის ემოციურ სფეროში?
  
არა მარტო ბავშვს, არამედ ნებისმიერ ასაკის ადამიანს, მის ცხოვრებაში რაიმე ახალი ინფორმაციისა თუ ეტაპის მიმართ უყალიბდება გარკვეული შეგრძნება, ეს შეგრძნება ვარირებს  მცირე დისკომფორტიდან ძლიერ შიშამდე. რასაც იწვევს არაინფორმირებულობა აღნიშნული ახალი საკითხის მიმართ. ბავშვში ეს მდგომარეობა უფრო სენსიტიურად მიმდინარეობს. ბაღის დასრულების შემდეგ მას უწევს ახალი ეტაპის დაწყება. მაგრამ სკოლაში მისვლამდე მას ესაჭიროება ფსიქო-ემოციური მომზადება.



2.  რა რჩევას მისცემთ პირველკლასელთა მშობლებს?

რეკომენდირებულია სკოლაში სწავლის დაწყებამდე, მომავალი მოსწავლე მშობელთან ერთად მივიდეს სკოლაში და დაათვალიეროს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საკლასო ოთახი, მოედანი, სამასწავლებლო, სასადილო, სველი წერტილები. აღნიშნულ მარშრუტს თან უნდა სდევდეს შესაბამისი ტექსტი, რომელიც არ უნდა იყოს ბავშვისთის დამღლელი და უინტერესო. გარდა ამისა ტექსტში ხაზგასმით უნდა იყოს აღნიშნული, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი გარკვეულ ტერიტორიაზე.



3. არის თუ არა რაიმე სპეციფიური სიტყვები ან წინადადებები, რომელთა გამოყენებას არ ურჩევთ მშობელს?

არ არის სასურველი ბავშვის ქვეცნობიერში სკოლაში სწავლის დაწყება ასოცირებულიქნეს დაუძლეველ მოვალეობებთან. ეს თავისთავად დამატებით შიშს იწვევს ისედაც ახლის მოლოდინში მყოფ ბავშვებში. წინადადებები როგორიც არის-"შენ დიდი ხარ, მოიქეცი შესაბამისად",  "სკოლაში არ მიგიღებენ" და სხვა. ბავშვი ითრგუნება  და წინასწარ უკვე არ უნდა სკოლაში მისვლა.



4. არის ბავშვთა კატეგორია, რომელთაც არ უჭირთ ადაპტაცია. ამ შემთხვევაში ესაჭიროება თუ არა ასეთი ბავშვის მშობელს წინა სასკოლო პერიოდში რაიმეს გათვალისწინება?

არ არის მართებული ის აზრი რომ ბავშვი, რომელიც ადვილად შეეგუება ბაღს, ასევე ადვილად შეეჩვევა სკოლას. ძალიან კომუნიკაბელურ, აქტიურ და სხარტი გონების მქონე ბავშვს, რაღაც პერიოდის მერე შესაძლოა გაუჩნდეს სხვადასხვა ხარისხის პროტესტის გრძნობა. სკოლაში, ბაღისგან განსხვავებით, ბავშვს უწევს უფრო მეტი ემოციის, ადამიანური რესურსის ხარჯვა. ახალი ტერიტორია, ახალი საკლასო ოთახი, უცხო ბავშვები და მასწავლებლები, მცირე დრო თამაშისთვის, უამრავი მოვალეობები, რომელთა დაძლევა უნდა მნოხდეს სწრაფად და ხარისხიანად, ყველაფერ ამას ემატება სკოლაში მერხთან  ჯდომა. ინფორმაცია დღითი დღე იმატებს, თავის ტვინის დაძაბულობა პარალელურად იზრდება, რასაც მოჰყვება გადაძაბვა, გადაღლა, ინტერესის დაკარგვა, მადისა და ძილის დარღვევა.



5. დიდი ინფორმაციის დაძლევაში რა დაგვეხმარება სკოლამდელ ასაკში და რას გვირჩევთ თუ ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა და აღენიშნება პრობლემები  ერთ საკითხზე კონცენტრირების, მეტყველების, ქცევისა და ინფორმაციის დაძლევის საკითხებში?

თუ ბავშვის ასაკი ჯერ 4-5 წელს შეესაბამება, ხდება წინა სასკოლო პერიოდში ბავშვთან მიზანმიმართული, მაგრამ მსუბუქი დასწავლა-თამაშის გამოყენება. რაც შეეხება 1-4 კლასის მოსწავლეებს, იქიდან გამომდინარე რომ კლასიდან კლასში გადასვლას პროგრამა მოცულობაში იმატებს, აუცილებელია ეს პერიოდი პირველიდან მეოთხე კლასამდე მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მოხდეს სხვადასხვა სქემების ათვისება, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს მასალის სწრაფ ათვისებაში.



6. რას მოიცავს ბავშვთა ფსიქიატრთან/ფსიქოლოგთან ვიზიტი?

მთავარია ეს საკითხი არ იყოს სტიგმატიზირებული როგორც ეს აღინიშნებოდა ათეული წლის წინ.  მაშინ როდესაც ვითარდება პრობლემა, რომელიც ეხება პატარა ბავშვის ფსიქიკას, უნდა მოხდეს დროული და სწორი ჩარევა. აქ იგულისხმება ბავშვთა ტიკები, ხშირი და ადვილი გაღიზიანებადობა, ისტერიკა, აგრესია, ლოგონევროზი და კიდევ სხვა ხასიათის უარყოფითი გამოვლინებები, რომლებიც ცხადია ჩარევის გარეშე თავისით ვერ მოიხსნება. პრობლემა რჩება პრობლემად, მარტივად რომ ავხსნათ-სწორად ინფორმირებული მშობელი, ეს ნიშნავს დაცულ ბავშვს.