10Oct
2019
ხშირად დასმული კითხვები


1. რა არის სეზონური გრიპი?

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0 C , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.

2. როგორ ვრცელდება ვირუსი?

გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

3. როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

4. არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო?

გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა. ვაქცინის შემადგენლობა შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას 2019/2020 წლების სეზონისთვის.

5. რა ასაკიდან არის შესაძლებელი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება?

ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვიდან.

6. რა შემთხვევაშია ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი?

სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

ვაქცინაცია განსაკუთრებით აუცილებელია:

  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;
  • 65 წელს გადაცილებული პირებისთვის;
  • ორსულებისათვის;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის.

7. როდის არის გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდირებული?

იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

8. რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია?

გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მაგ.: ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ხშირად დასუსტებულია იმუნური სისტემა) და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. ამდენად, გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

9. აუცილებელია თუ არა ვაქცინაციამდე ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია?

ვაქცინაციამდე აუცილებელია  ოჯახის ექიმის / პედიატრის კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

10. როდის უნდა შევიკავოთ თავი ვაქცინაციისგან?

მწვავე ინფექციით დაავადებული ან მაღალი სიცხით მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევაში საჭიროა ვაქცინაციის გადადება. ვაქცინა არ უტარდებათ ისეთ პაციენტებს რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული ალერგია კვერცხის გულზე.