30მარ
2018
წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების ეტაპები


თითოეული ბავშვი უნიკალურია და ვითარდება ინდივიდუალურად. გთავაზობთ ინფორმაციას, იმის შესახებ  თუ განვითარების რა ეტაპები უნდა გაიაროს ბავშვმა წლამდე და როგორ შეუძლიათ მშობლებს ხელი შეუწყონ ამ პროცესებს.

განვითარება 1 თვის ასაკში

ფიზიკური განვითარება:

  • ხელების და ფეხების მოძრაობა ქაოტური;
  • შენარჩუნებული აქვს ფეხისა და ხელის ჰიპერტონუსი, მუშტები შეკრულია;
  • მუცელზე წოლის დროს ცდილობს თავის აწევას;
  • სწავლობს უძრავი ნივთების დაფიქსირებას;
  • თანდაყოლილი რეფლექსები: წოვის, ძიების (პატარას დაბადებიდან აქვს დედის ძუძუს ძიების რეფლექსი,) მოჭერის (ხელ უჭერს ნებისმიერ საგანს რომელისაც ხელთან მივუტანთ,) სიარულის (თუკი პატარას დავიჭერთ ვერტიკალურად იგი ასრულებს გადაბიჯების მსგავს მოძრაობას)

ფსიქოემოციური განვითარება:

  • შეუძლია გაგახაროთ პირველი ღიმილით (ე.წ. ფიზიოლოგიური ღიმილი);
  • გამოსცემს პირველ ხმებს, თუკი ხშირად დაელაპარაკებით, პატარა ამ ასაკში უკვე შეეცდება იღუღუნოს;
  • რეაგირებს უეცარ ხმაურზე შეკრთომით, გარინდებით ან შესაძლოა, ტირილითაც კი;
  • ტირილს წყვეტს როდესაც ხელში აყავთ;
  • აქტიურად ეხმარება დედას კვების დროს (კომფორტულად თავსდება, ეძებს საკვებ წყაროს, აქტიურად წოვს)

 

 

ამ ეტაპზე, ახალშობილისთვის აუცილებელია მჭიდრო ფიზიკური და მხედველობითი კონტაქტი დედასთან. ასევე დედის რეაგირება მის საჭიროებებზე, რაც აყალიბებს ბავშვის ფსიქოლოგიურ ფუნდამენტს.

განვითარება 2 თვის ასაკში

ამ ასაკისათვის ბავშვი საგრძნობლად ნაკლებ დროს ატარებს ძილში: ჩნდება დღის განმავლობაში ფხიზლობის ხანგრძლივი პერიოდები, დღის ძილის დრო მცირდება. გამომუშავდება ღამის ძილის რეჟიმი: ახლა ის უკვე შეადგენს 10-12 საათს კვებისთვის განკუთვნილი შუალედების ჩათვლით, რომელთა დროსაც, ბავშვმა შესაძლოა, საერთოდ არ გამოიღვიძოს.

ფიზიკური განვითარება:

  • მუცელზე წოლისას, შეუძლია თავის 45 გრადუსის კუთხით აწევა;
  • ტრიალდება გვერდიდან ზურგზე;
  • ვერტიკალურ მდგომარეობაში იჭერს თავს 1-2 წუთის განმავლობაში;
  • თვალს ადევნებს მოძრავ საგნებს;
  • ატრიალებს თავს ხმის წყაროსაკენ;
  • მცირდება ხელის ჰიპერტონუსი.

ფსიქოემოციური განვითარება:

  • აქტიურობს დედის დანახვისას, რაც გამოიხატება ხელებისა და ფეხების მოძრაობით, ღიმილითა და ღუღუნით;
  • ირინდება ხმის გაგონებისას;
  • იღიმება თბილი მიმართვის საპასუხოდ;
  • რეაგირებს ნაცნობ ხმებზე;
  • ღუღუნებს.

ხელი შეუწყეთ თქვენს პატარას: დაკიდეთ ბავშვის საწოლზე მკვეთრი ფერისა და ფორმების საგნები, რადგან ფორმისა და ფერების აღქმის განვითარება სტიმულირებადია.

განვითარება 3 თვის ასაკში

ამ თვის ყველაზე დიდი სიხარული მშობლებისათვის რეჟიმის ჩამოყალიბებაა. უმეტესად, განვითარების სწორედ ამ ეტაპისთვის, პატარას უყალიბდება ძილისა და კვების პერიოდულობა. ამ ასაკში, ბავშვი ავლენს ხასიათის პირველ თავისებურებებს, მან უკვე იცის ყვირილითა და ტირილით უკმაყოფილების გამოხატვა.

ფიზიკური განვითარება:

  • უჭირავს თავი მუცელზე წოლისას და ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  • აკვირდება და წოვს საკუთარ ხელებს;
  • ტრიალდება ზურგიდან გვერდზე;
  • ცდილობს დაიჭიროს ხელში სათამაშო, რის შემდეგაც პირში იდებს.

ფსიქოემოციური განვითარება:

  • აყალიბებს თვალით კონტაქტს;
  • იღიმება და იცინის;
  • დიდი ხნის განმავლობაში ღუღუნებს, მისი ბრგერები ხდება უფრო მრავალფეროვანი;
  • ცნობს ახლობლებს;
  • კარგად აფიქსირებს უძრავ საგნებს.

 

 

განვითარება 4 თვის ასაკში

ოთხი თვის ბავშვისათვის მთავარი ხდება ხელისა და თვალის მოძრაობის კოორდინაცია. ხელის მოძრაობა ხდება მეტად მიზანმიმართული. ხშირად, ამ ასაკში, პატარების საუკეთესო გასართობი საკუთარი ხელები და ფეხებია. იწყება ნერწყვის აქტიური გამოყოფა, რაც დაკავშირებულია პირველი კბილების ამოსვლასთან, თუმცა, შესაძლოა, უშუალოდ კბილის ამოჭრის პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყოს.

ფიზიკური განვითარება:

  • დამოუკიდებლად ან უფროსის დახმარებით ტრიალდება ზურგიდან მუცელზე;
  • მიიწევს საგნისკენ და ხელს კიდებს;
  • წოვს საკუთარ მუშტებს და იგივე მიზნითვე ცდილობს მიიწვდინოს პირამდე ფეხი;
  • ქრება ფეხის ჰიპერტონუსი;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • უპირატესობას ანიჭებს დედას, უხარია მისი დანახვა, შესაძლოა იჭირვეულოს მისი წასვლისას;
  • აქტიურად იცინის, იღიმება და კივის სიხარულის გამოსახატავად;
  • რეაგირებს სახელის დაძახებაზე;
  • ერთობა საწოლზე დაკიდებული სათამაშოებით.

განვითარება 5 თვის ასაკიში

ძილის, კვების და სიფხიზლის რეჟიმი ამ ეტაპზე, შესაძლოაისევ შეიცვალოს. ზოგჯერ, ამ ასაკში, ბავშვს მთელი ღამე ძინავს, დილით, ძალიან ადრე იღვიძებს. უნდა უფრო მეტი სივრცე, რომ უფრო აქტიურად იმოძრაოს და გადატრიალდეს.

ფიზიკური განვითარება:

  • დიდ ხანს წევს მუცელზე;
  • თავდაჯერებულად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე;
  • ჯდება დახმარებით, ამასთან, ზურგი მოხრილი აქვს;
  • ირთობს თავს საკუთარი ხელებითა და ფეხებით;
  • კარგად იჭერს ხელში საგნებს.

ფსიქოემოციური განვითარება;

  • ცნობს დედის ხმას;
  • არჩევს ახლობლებსა და უცხოებს ერთმანეთისგან;
  • სხვადასხვანაირად რეაგირებს საუბრის ინტონაციის ცვალებადობაზე;
  • თავად იწვევს მშობლებს საკონტაქტოდ.

ამ პერიოდში (ძირითადად 4-6 თვეებში) პატარას ისევ ერევა დღისა და ღამის რეჟიმი. დაფიქრდით, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. გამორიცხეთ, ხომ არ იძინებს პატარა დიდხანს დღის განმავლობაში, ან, ხომ არ აკლია აქტივობა. ასევე, გასათვალისწინებელია, ხომ არ არის ოთახის ტემპერატურა ზედმეტად მშრალი და თბილი.

განვითარება 6 თვის ასაკში

ამ ასაკში იწყება ბავშვის განვითარების შემდეგი ეტაპი: მას უჩნდება საკვების მიმართ ინტერესი. ეს არ არის დაკავშირებული დედის რძის უკმარისობასთან. სწორედ, ამ ასაკში, ბავშვის კვების რაციონში, იწყება მყარი საკვების დამატება.

ფიზიკური განვითარება:

  • უფრო თავდაჯერებულად ჯდება;
  • ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე;
  • დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებს მოძრავ სათამაშოებს;
  • შესაძლოა ამოჭრას პირველმა კბილმა;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • გადააქვს ხელიდან ხელში სათამაშო, იდებს პირში;
  • ცდილობს გაიმეოროს უფროსების მიერ წარმოთქმული მარცვლები;
  • იწყებს სისინა ბგერების წარმოთქმას, როგორიცაა „ს“ „ზ“;

ამ ასაკში, ბავშვები ყველაფრის პირში ჩადებას ცდილობენ, ზოგი ხოხვასაც იწყებს. ამიტომ, ამ ასაკიდან, უკვე აუცილებელია მშობლებმა გადახედონ სახლში უსაფრთხოების ნორმებს.

 

 

განვითარება 7 თვის ასაკში

შვიდი თვის ბავშვის სმენა და მხედველობა, თითქმის, ზრდასრული ადამიანის დონეზეა განვითარებული. შეგრძნებებზე მეტყველი ნერვული სტრუქტურები ბოლომდე ჩამოყალიბებულია.

ფიზიკური განვითარება:

  • ცდილობს ხოხვას ან უკვე ხოხავს;
  • თავდაჯერებულად ჯდება სწორი ზურგით;
  • ცდილობს საწოლში ადგომას;
  • ორივე ხელის დაყრდნობით შეუძლია დადგომა;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • კითხვაზე „ სად?“ ეძებს ჩვეულ ნივთს ან პიროვნებას;
  • იმეორებს მარცვლებს „ბა-ბა-ბა“ „მა-მა-მა“ „პა-პა-პა“
  • სიამოვნებით ათვალირებს ნახატებს წიგნში;
  • იწევს სარკეში საკუთარი თავის გამოსახულებისკენ.

ამ ასაკში, ბავშვის პირის აპარატი, ყბები, კბილები აქტიურად ვითარდება. ამის გამო, პატარას სურვილი აქვს, დაღეჭოს რამე. მიეცით მას რეზინის სათამაშოები რომ დაიკმაყოფილოს ღეჭვის მოთხოვნილება.

განვითარება 8 თვის ასაკში

რვა თვის ბავშვი სწავლობს უცხოობას, ხშირად ეშინიათ მათთვის უცნობი ადამიანების. შეეცადეთ, შეუქმნათ ნაცნობი და კომფირტული გარემო. დამტკიცებულია, რომ ახალშობილობის პერიოდიდანვე, ბავშვი, რომელიც იზრდება ემოციურად თბილ გარემოში, ზრდასრულ ასაკში, სტრესის მიმართ მეტად მდგრადია.

ფიზიკური განვითარება:

  • ხოხავს;
  • დაყრდნობით დგება ფეხზე;
  • შეუძლია მცირე ზომის საგნების აღება ორი თითით;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • თავდაჯერებულად გრძნობს თავს ნაცნობ გარემოში;
  • ემოციების დიაპაზონი ფართოვდება: შესაძლოა შევამჩნიოთ გახარება, უკმაყოფილება, გაკვირვება, გაოცება;
  • ხმამაღლა იმეორებს მარცვლებს;
  • იჩენს ინტერესებს ახალი საგნების მიმართ.

 

 

თუ, ჯერ კიდევ, არ უკითხავთ წიგნებს თქვენს პატარას ძილის წინ, დროა, დაიწყოთ ამის გაკეთება. წაუკითხეთ ხმის სხვადასხვა ტემბრითა და ინტონაციებით.

განვითარება 9 თვის ასაკში

ხშირად, ბავშვები ლაპარაკის დაწყებას აგვიანებენ, თუმცა, სწორედ ეს ასაკი არის იდეალური გარკვეული სიტყვების წარმოსათქმელად. არ შეწყვიტოთ მცდელობები, ელაპარაკეთ ბევრი და შეეცადეთ აამეტყველოთ თქვენი პატარა.

ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია, ისწავლოთ ბავშვისთვის „არას“ თქმა. უმჯობესია, ეს თქვათ მშვიდად და სერიოზულად. არ დაუშალოთ ბავშვს რამის გაკეთება ხუმრობითი ინტონაციით, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი აკრძალვას ხუმრობად აღიქვამს და თქვენს ნათქვამს უგულებელყოფს.

ფიზიკური განვითარება:

  • სწრაფად ხოხავს;
  • დგამს ნაბიჯებს ხელის მოკიდებით;
  • დამოუკიდებლად ჯდება;
  • იმეორებს მოქმედებებს: უკრავს ტაშს, წევს ხელებს;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • გარკვეული მოქმედების შესრულებისას, უხარია (მაგალითად: გახსნა ყუთი, მიწვდა სასურველ საგანს);
  • ესმის სიტყვა „არას“ მნიშვნელობა;
  • ასრულებს მარტივ დავალებებს (მაგალითად: ადექი, დაწექი და ა.შ.);
  • იცის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთის სახელი.

გახსოვდეთ, სიტყვა „არა“ ხშირი გამოყენებისას, კარგავს ბავშვისთვის თავის მნიშვნელობას. ამიტომ, უმჯობესია, აკრძალვები გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის საფრთხისაგან დაცვა.

განვითარება 10 თვის ასაკში

ამ დროისათვის ბავშვის მამოძრავებელი უნარები საკმაოდ განვითარებულია. შეუწყეთ ხელი მის განვითარებას წიგნების წაკითხვით, აუდიოზღაპრების მოსმენით, სხვადასხვა თამაშებით.

ფიზიკური განვითარება:

  • დადის ორივე ხელის მოკიდებით;
  • აუმჯობესებს მისთვის უკვე ნაცნობ მოქმედებებს;
  • იღებს საგნებს ცალი ხელით;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • აუმჯობესებს მეტყველებას სხვადასხვა სიტყვების დამატებით;
  • აღნიშნავს სხვადასხვა მარცვლებით გარკვეულს საგნებს;
  • იცის ხელის დაქნევით დამშვიდობების გამოხატვა;
  • იცის ზოგიერთი ნივთის ადგილი;
  • ხვდება, როდის აქებენ და როდის უბრაზდებიან;
  • ახსოვს საყვარელი სათამაშო.

პატარას უკვე შეუძლია, გარკვეული დროის მანძილზე, თავად გაერთოს. გამოიყენეთ ეს დრო! მიირთვით ფინჯანი ყავა, დაურეკეთ მეგობარს. დაუთმეთ დრო საკუთარ თავსაც.

 

 

განვითარება 11 თვის ასაკში

თქვენი პატარას დაბადების დღემდე 1 თვე რჩება! დაიწყეთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავთ მის პირველ დღესასწაულს.

ფიზიკური განვითარება:

  • დამოუკიდებლად დგას;
  • დადის ცალი ხელის მოკიდებით;
  • შესაძლოა, გადადგას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები;
  • იხრება სასურველი საგნის ასაღებად ჩაკუზვის გარეშე;

ფსიქოემოციური განვითარება:

  • აცნობიერებს ნივთების დანიშნულებას;
  • თავისებურად ასახელებს უმეტეს საყოფაცხოვრებო ნივთებს;
  • მიუთითებს სასურველი საგნისა ან მოქმედების მისაღებად.
  • აქტიურად რეაგირებს უცხო გარემოსა და ადამიანებზე;
  • ცდილობს, თავად მიიტანოს კოვზი პირთან.

შეგიძლიათ, ჩაატაროთ ტესტი. დაუდეთ ბავშვს საყვარელი სათამაშო და შეამოწმეთ რომელ ხელს წაიღებს პირველად მისკენ. ამ ტიპის ქმედებით, ამ ასაკში, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა, ცაცია არის თქვენი პატარა თუ მემარჯვენე.

პატარა უკვე 1 წლის არის

ცხოვრების მთავარი ეტაპი გავლილია! ეს 12 თვე ფიზიკური და ემოციური განვითარების კუთხით, არ შეედრება ცხოვრების არცერთ წელს.

ფიზიკური განვითარება:

  • დამოუკიდებლად ჯდება და დგება;
  • დადის დამოუკიდებლად ან დახმარებით;
  • ღეჭავს მყარ საკვებს;

ფსიქოემოციური გავითარება:

  • წარმოთქვამს სხვადასხვა სიტყვებს;
  • გამოხატავს უკმაყოფილებას რამის აკრძალვისას;
  • იცის რამდენიმე ახლობელის სახელი;
  • განსხვავებულად იქცევა ოჯახის სხვადასხვა წევრებთან;
  • ემოციებს გამოხატავს შეხვედრისა და დამშვიდობებისას;
  • აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესები;
  • ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს ჩაცმისა და დაბანისას (მაგალითად: წევს ხელებს და ა.შ.)

ხშირად, ერთი წლის ასაკში, ბავშვი ცდილობს, გამოიჩინოს დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია, მშობელმა ამაში მხარი დაუჭიროს. კარგია, უფლება მისცეთ, აირჩიოს ტანსაცმელი, საკვები, თამაში.

 

 

გახსოვდეთ!

თითოეული ბავშვი ვითარდება ინდივიდუალურად. აღნიშნული სტანდარტებით ბავშვის განვითარება, ხშირად არ ემთხვევა მის ასაკს. ამა თუ იმ უნარის განვითარება, შეიძლება,  ორიდან ექვს თვემდე პერიოდით დაგვიანდეს. მაგალითად, განსაკუთრებით აქტიური ბავშვები, ხანდახან, 5 თვის ასაკიდან ცდილობენ ადგომას, მაშინ, როცა ნაკლებად აქტიურმა ბავშვმა იგივე ქმედების მიმართ ინტერესი შესაძლოა, მხოლოდ ერთი წლის ასაკში გამოიჩინოს.

თუ თქვენი აზრით, ბავშვი აგვიანებს ამა თუ იმ უნარის გამოვლენას, მიმართეთ თქვენს მკურნალ პედიატრს, რომელიც უფრო დეტალურად მოგაწოდებთ ინფორმაციას განვითარების ეტაპების ყველა შესაძლო ნორმის შესახებ.