გაზიარება:

ბლოგი

    13თებ
    2018
    ოტიტი


    ოტიტი, ანუ ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს ოტიტის სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. განასხვავებენ გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებას.

     

    გარეთა ყურის ანთება (გარეთა ოტიტი)

    გარეთა ყურის ანთება წარმოადგენს გარეთა სასმენი არხის, ანუ ყურის ხილული ნაწილის ანთებას. გარეთა ყურის ანთება გვხვდება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

    გარეთა ოტიტის ორი ფორმა არსებობს – შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკის) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებში და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მიკრო ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ყურის ირგვლივ ქსოვილებზეც. დიფუზური გარეთა ოტიტი ვითარდება უპირატესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა ქსოვილში, სხვადასხვა ბაქტერიების, ასევე სოკოების შეღწევისას. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება დაფის აპკზეც.

    მიზეზები:

    • ინფექცია, მწერის ნაკბენი, უმნიშვნელო ტრავმა, დამწვრობა ან/და სხვადასხვა საგნებით ყურის წმენდა.
    • ბაქტერიები, რომლებიც აღწევენ გარეთა სასმენი მილის დაზიანებულ კანში (ნაკაწრი, ნაფხაჭნი...). კანის დაზიანებას, თავისმხრივ,იწვევს სხვადასხვ აუხეში საგნით ყურის წმენდა.
    • ყურის ხანგრძლივი სისველე, მაგალითად ბანაობის შემდეგ ყურში ჩარჩენილი წყალი.
    • ეგზემა ან ფსორიაზი.

    სიმპტომები:

    გარეთა ოტიტის დროს, როგორც წესი, აღინიშნება გარეთა სასმენ არხში მძაფრი ქავილის შეგრძნება და ძლიერი ტკივილი. ზოგჯერ ადგილი აქვს მცირე რაოდენობით უფერო გამონადენს.

     

    განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში, აღინიშნება ყურის ნიჟარის შეწითლება, მაღალი ტემპერატურა და თავბრუსხვევა.

     

    • ტკივილი ყურში, რომელიც ძლიერდება ხელის დაჭერისას;
    • პირის გაღების დროს ტკივილი აღინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს;
    • მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილსა და ტკივილს ყურში, უსიამოვნო სუნის ჩირქოვან გამონადენს.

    შუა ყურის ანთება

    შუა ოტიტი წარმოადგენს შუა ყურის ანთებას. მწვავე შუა ოტიტი ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოს მასშტაბით. ავადობის სიხშირე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში 75 –დან 80%–ია. დაავადება იწყება მოულოდნელად და ძალიან მტკივნეულია. შუა ყურის ანთება გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

    შუა ყურის მწვავე ანთებას ხშირად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევს. ვირუსული ოტიტების უმეტესობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით და რინოვირუსითაა გამოწვეული. 

     

     

    მიზეზები:

    • ბაქტერიები (85%)
    • ვირუსები (15%)

    წნევის ცვლილება მთვითმფრინავით მგზავრობისას, ან წყალქვეშ ცურვის დროს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს შუა ყურის ანთება. ეს მდგომარეობა ცნობილია ბაროტრავმული ოტიტის სახელწოდებით.

     

    სიმპტომები:

    დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სტადიაზე.

    პირველ სტადიაში ვლინდება:

    • ძლიერი ტკივილი ყურში, რომელიც ირადირებს თავის შესაბამის ნახევარში, კბილებში;
    • სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-390С), სმენა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.
    • ოტოსკოპიით ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, შემდეგ კი დაფის აპკის ჰიპერემია.

     ამ სტადიის ბოლოს ხდება დაფის აპკის გამობერვა; სისხლში – ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.

    მეორე სტადიაში :

    • იწყება ჩირქდენა დაფის აპკის გახვრეტის შედეგად, ტკივილი კლებულობს, თუმცა შესაძლოა განახლდეს ჩირქის გამოდენის შეფერხებისას.
    • ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება;
    • სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება.

    ოტოსკოპიით ამ სტადიაში ჩანს ჩირქი, დაფის აპკის გამობერვა კლებულობს, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ჰიპერემია და კონტურების გადასწორება.

    მესამე სტადიაში ჩირქდენის შეწყვეტის შემდეგ წამყვანი ჩივილები შესაძლოა იყოს სმენის დაქვეითება.

     შუა ყურის მწვავე ანთების კლინიკური სურათი ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში რამდენადმე განსახვავებულია. მწვავე ოტიტები ჩვილებში ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს ჩირქდენამდე.

    გამოხატული ოტიტის დროს ბავშვი იღვიძებს ღამით, მოუსვენრადაა, ყვირის, ატრიალებს თავს, უხახუნებს მტკივან ყურს ბალიშზე, ხელი მიაქვს ყურისაკენ, აღარ წოვს. ჩვეულებრივ აღინიშნება რინოფარინგიტი.

     

    შიგნითა ოტიტი

    შიგნითა ოტიტი წარმოადგენს შიგნითა ყურის ანთებას. ოტიტის იშვიათი ფორმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი სახის დაზიანებები, მაგალითად, სიყრუე.

    შიგნითა ყურის ანთება გვხვდება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

     

     

     

    მიზეზები:

    • შუა ყურის მწვავე ანთების არასწორი მკურნალობა;
    • ბაქტერიები;
    • ვირუსები;
    • სხვა დაავადება (მაგალითად, სიფილისი მოზრდილებში)
    • ყურზე ჩატარებული ოპერაცია;

     

    სიმპტომები:

    • სმენის დაკარგვა;
    • წონასწორობის დაკარგვა;
    • გულისრევა;