27Feb
2018
ორსულთა მონიტორინგი - პატარაზე ზრუნვა ჩანასახიდან იწყება!


ორსულობა, ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდია. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა და ეს საპასუხისმგებლო გამოცდა ქალის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ელის. ამ სტატიაში გთავაზობთ ორსულობის პერიოდში ექიმთან გასახორციელებელი აუცილებელი ვიზიტების შჩამონათვალს. გაეცანით თუ რა სახის კვლევებია ჩასატარებელი ორსულობის სხვადასხვა პერიოდში, იცოდეთ კვლევების მნიშვნლეობა და ასევე როგორ ვითარდება თქვენი პატარა მუცლად ყოფნის პერიოდში.

 

პირველი ვიზიტი - 12-13 კვირა

 

თქვენი პატარა მარწყვის ზომისაა, დაახლოებით 1,2სმ-4 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 თირეოტროპული ჰორმონი TSH

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა ერთ-ერთი რუტინული კვლევაა. ფარისებრ ჯირკვალს განსაკუთრებული როლი აკისრია ორსულობის ნორმალურ წარმართვაში,რადგანაც ორსულობის დროს 30-50%-ით მეტს მუშაობს. თირეოტროპული ჰორმონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ცვლილებები:  გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის-მომნელებელი, საშარდე და ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ.დაავადება მჟღავნდება მეხსიერების დაქვეითებით, ძილიანობით, დეპრესიით, არტერიული წნევის დაქვეითებით. კანი გამომშრალია,ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ქვეითდება ჰემოგლობინი. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება როგორც დედის ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ვითარდება ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა. ამიტომ აუცილებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში განისაზღვროს თირეოტროპული ჰორმონის დონე,რათა დროულად იქნას დასმული დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა.

ტოქსოპლაზმას ანტისხეულები IgM

ტოქსოპლაზმოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტოქსოპლაზმა გონდი.(ობლიგატური უჯრედშიდა პარაზიტი)

 ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას. ტოქსოპლაზმოზი იწვევს მხედველობის ორგანოს დაზიანებას,გულის და თავის ტვინის პათოლოგიებს.

დედიდან ნაყოფის დაინფიქცირება ხდება ინფექციის ვერტიკალური გზით გავრცელების შედეგად.ნაყოფის დაავადების რისკი იზრდება გესტაციური ასაკის მატებასთან ერთად და მაქსიმუმს აღწევს ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

თანდაყოლილი ინფექციით დაავადებული ბავშვების 90%-ს დაბადებისას  დაავადების არანაირი კლინიკური სიმპტომი არ უვლინდებათ. მაგრამ ისინი შესაბამისის მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ რომ, მომავალში განუვითარდეთ ქორიორეტინალური დაავადება და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დარღვევები. დედის აქტიურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოშიდა დაღუპვაც.

ინფექციის ადრეული გამოვლენა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს აღნიშნული გართულებების რისკს.ამისათვის აუცილებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტოქსოპლაზმოზის გამომწვევის იდენტიფიცირება სეროლოგიური ტესტებით.(ისაზღვრება IgM და IgG კლასის ანტისხეულები).

ქლამიდიის ანტისხეულები IgM

ქლამიდიოზი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება. იგი სქესობრივი ურთიერთობისას გადადის და თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.ქალთა 70% მას ფარულად ატარებს. თუ ორსულობაში გამოვლინდა ქლამიდიოზი ხშირია სპონტანური აბორტები, ორსულობის პათოლოგიები და ნაყოფის დაინფიცირება. იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი.

ორსულობის ადრეულ ვადაზე (ჩასახვის 5-6 დღიდან მე-12-ე კვირამდე) დედის ინფიცირება იწვევს ნაყოფის დაღუპვას მუცლადყოფნის პერიოდში. ორსულობის უფრო გვიანდელ პერიოდში (12 კვირის შემდეგ) როდესაც ნაყოფს ორგანოები უკვე ჩამოყალიბებული აქვს სავსებით შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების, პლაცენტის, სანაყოფე გარსების მიკრობული დაზიანება და ანთებადი ინფიცირება. ამ დროს მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, რომლის შედეგად სუსტი დღენაკლი ახალშობილი იბადება.

როდესაც ქლამიდია ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს ნაყოფი მატულობს წონაში ირღვევა გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა და შეიძლება მანკიც გამოვლინდეს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოკვლევა ქლამიდიის ანტისხეულებზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ინფექციური პროცესი ფეხმძიმობის დროს ხშირად მწვავდება. დიაგნოზის დროულად დასმა გვაძლევს საშუალებას რათა სწორად შეირჩეს მკურნალობის კურსი.

 წითურას ანტისხეულები IgG

წითურა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ძალიან საშიშია ორსულებისთვის. ვირუსი არის ძლიერ ტერატოგენული, იწვევს ნაყოფის დაზიანებას, გადადის ტრანსპლაცენტარულად.

წითურა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. წითურამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ნებისმიერი ორგანო. ყველაზე ხშირად გვხვდება კატარაქტა,სიყრუე და გულის თანდაყოლილი მანკი. გარდა ამისა თანდაყოლილი წითურას დროს ახალშობილს შეიძლება გამოუვლინდეს ისეთი გვიანდელი გართულებები როგორიცაა პანენცეფალიტი(თავის ტვინის ანთება) და შაქრიანი დიაბეტი.

იმის გასარკვევად აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე (IgG) თუ სისხლში ანტისხეულები არის ამ შემთხვევაში ბავშვი და დედა ამ დაავადებისგან დაცულნი არიან.

ადრეული დიაგნოზი საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ ორსულობის გაგრძელება-არ გაგრძელებაზე.

 

მეორე ვიზიტი - 19-20 კვირა

 

თქვენი პატარა ლეღვის ზომისაა, დაახლოებით 7,5 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

ორსულობის მე 19- 20  კვირის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრენატალურ ბიოქიმიურ სკრინინგს. რომლის დანიშნულებაა თანდაყოლილი პათოლოგიის მაღალი ალბათობით გამოვლენა.

სამმაგი ტესტი მიოცავს ალფა-ფეტოპროტეინის (AFP)

ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის (B hCG)

თავისუფალი ესტრიოლის (Free E3.) განსაზღვრას სისხლში.

ალფა-ფეტოპროტეინი ნივთიერებაა(ცილა), რომელსაც გამოიმუშავებს ნაყოფის ორგანიზმი ზრდის პროცესში და ხდება სანაყოფე წყლებში ნაყოფის შარდთან ერთად. იქედან კი სანაყოფე გარსის გავლით დედის სისხლში. ნაყოფის წყლებში ალფა-ფეტოპროტეინის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დედის სისხლში.

სისხლში ალფაფეტოპროტეინის მაღალი დონე შეიძლება იყოს ნაყოფის განვითარების ისეთი სერიოზული პათოლოგიების ნიშანი როგორიცაა: ნერვული მილის-ღეროს და მუცლის ღრუს წინა კედლის დეფექტი, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგია, ქალა -ტვინის ან ზურგის ტვინის თიაქარი. ხოლო დაუნის სინდრომის შემთხვევაში ალფა-ფეტოპროტეინის დონე მკვეთრად დაქვეითებულია. დაუნის სინდრომის დროს ყურადღება ენიჭება ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინის და ესტრიოლის მაჩვენებლებსაც. ამ დროს მათი ცვლილებებიც აღინიშნება.

ქორიონალური გონადოტროპინი გამოიყოფა პლაცენტის მიერ, მისი განსაზღვრა აუცილებელია ქრომოსომული ანომალიების დასდგენად.

ქრომოსომათა რაოდენობრივი ცვლით  განპირობებულ დაავადებებს შორის ცნობილია დაუნის სინდრომი. ამ შემთხვევაში აღინიშნება ე.წ.ტრისომია-ქრომოსომათა 21-ე წყვილში ორის ნაცვლად სამი ქრომოსომაა.

ქრომოსომათა არასწორი გადაჯაჭვის უამრავი ვარიანტი არსებობს. ყველაზე ხშირი ანენცეფალიაა. (როდესაც ნაყოფს თავი არა აქვს), ასევე ხერხემლის თიაქარი, ე.წ სპინა ბიფიდა.

 ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ნივთიერება დეჰიდროეპიანდროსტერონი პალაცენტაში გარდაიქმნება ესტრიოლად. მისი კონცენტრაცია მთელი ორსულობის მანძილზე იზრდება. ესტრიოლის სიმცირე ნაყოფის განვითარების დეფექტზე მიუთითებს.

იმ შემთხვევაში თუ ალფა-ფეტოპროტეინის,ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინის, და ესტრიოლის მაჩვენებლები არ შეესაბამება ნორმებს ტარდება გენეტიკოსის კონსულტაცია ან გადავდივართ გამოკვლევის ღმა მეთოდზე-ამნიოცენტეზზე.

პრენატალური დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ნაყოფის მდგომარეობა მუცლადყოფნის პერიოდში. სასკრინინგო მეთოდი კი არის სრულიად უსაფრთხო გამოკვლევა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს დაადასტუროს ან უარყოს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიის არსებობა.

 

მესამე ვიზიტი - 26-28 კვირა

 

თქვენი პატარა ვაშლი ზომისაა, დაახლოებით 15 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა D-დიმერი

D დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად. იგი ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტია, რომელიც სისხლში კოლტის ფიბრინოლიზით დაშლის შედეგად ჩნდება.

 მისი მაჩვენებელი მატულობს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის, აორტის განშრევების,  ღვიძლის კარის ვენის თრომბოზის დროს.

 ორსულებში I ტრიმესტის ბოლოს D დიმერი იზრდება მე-15 კვირისთვის. ნორმად ითვლება < 248 mg/ml- ზე მშობიარობამდე იზრდება 3-4 ჯერ და 38 კვირისთვის შეადგენს < 900 mg/ml

 მკურნალობის დანიშვნისას და შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით  ასევე გასათვალისწინებელია ორსულის ანამნეზური და  კლინიკური სიმპტომები.

სამეანო ულტრასონოგრაფია

ორსულის ამ ვადაზე ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა სრულყოფილად შეფასდეს ნაყოფი.  განისაზღვროს ფეტომეტრული მონაცემები, სანაყოფე სითხის რაოდენობა და სტრუქტურა, პლაცენტის მდებარეობა, სისქე, სიმწიფე.

ასევე ნაყოფის გული, რომელიც ამ პერიოდისთვის ფორმირებულია და მნიშვნელოვანია გარკვეული გულის მანკების გამოვლენა, დოპლეროგრაფიული მონაცემებით რითაც ფასდება საშვილოსნოსა და ჭიპლარის არტერიის რეზისტენტობის ინდექსები.  საშვილოსნოს, პლაცენტის და ნაყოფის მაგისტრალურ სისხლძარღვებში განისაზღვრება სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ფასდება საშვილოსნოს ყელის სიგრძე.  

 

მეოთხე ვიზიტი - 30-32 კვირა

 

თქვენი პატარა ბანანის ზომისაა, დაახლოებით 25 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

კოაგულოგრამა

კოაგულოგრამა არის ანალიზი, რომელიც სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობას ავლენს.

ორსულებში სისხლის სიბლანტისა და მოცულობის ზრდის გამო ფიბრინის დონე რამდენჯერმე იზრდება. ამ პერიოდში აღნიშნული სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ნორმაა გარკვეულ საზღვრებში, მაგრამ თუ ქალს აქვს საფრთხე ჰიპერკოაგულაციის, ანამნეზში სპონტანური აბორტები, მკვდარშობადობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური დაავადებები, მაშინ აღნიშნული მდგომარეობები საზიანოა დედისა და ნაყოფისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია კოაგულოგრამის შედეგების განსაზღვრა საბოლოო დასკვნის გამოსატანად და მკურნალობის დანიშნვნის მიზნით.

B ჯგუფის სტრეპტოკოკი

B ჯგუფის სტრეპტოკოკი გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ნაწლავებში და გენიტალური ტრაქტის ქვედა ნაწილებში გვხვდება. B ჯგუფის სტრეპტოკოკი ზრდასრულებში უვნებელია, თუმცა ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ახალშობილებში  რომლებიც გამოივლიან დედის სამშობიარო გზებს ინფიცირდებიან და სერიოზული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს.

  ამიტომ მე-3 ტრიმესტრში რეკომენდირებულია B  ჯგუფის სტრეპტოკოკზე სკრინინგი. დადებითი შედეგის მიღებისას ორსულს უტარდება მშობიარობამდე ანტიბიოტიკოთერაპია, რაც შემდგომში იცავს ახალშობილს ამ დაავადების შორეული შედეგებისგან.

B ჯგუფის სტრეპტოკოკით დაინფიცირების ნიშნები ახალშობილებში ვლინდება მშობიარობიდან 1 კვირის ან 1 თვის შემდეგ. ახასითებს ცხელება სუნთქვის გაძნელება, გაღიზინებადობა. ყველაზე მძიმე შედეგები შეიძლება იყოს ახალშობილთა სეფსისი და მენინგიტი.

 

 

მეხუთე ვიზიტი - 30-32 კვირა

 

თქვენი პატარა მინიატურული ადამიანის ზომაა, დაახლოებით 30 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

სისხლის საერთო ანალიზი:

ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად იმატებს დედის და ნაყოფის მოთხოვნილება რკინაზე,რაც იწვევს ჰემოგლობინის კლებას და ანემიას. ასევე ორსულობის დროს, განსაკუთრებით მე-2 მე-3 ტრიმესტრში ორგანიზმის იმუნური სისტემა  დაქვეითებულია და შესაძლოა მოხდეს  ბაქტერიული ინფექციის გამწვავება, რომლის დროსაც იმატებს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა და ედსი. ხშირია შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, ასევე ალერგიული რეაქციები სხვადასხვა  ანტიგენის მიმართ. ყველა ზემოთაღნიშნული გართულების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი რათა დროულად მოხდეს სხვადასხვა გართულების თავიდან აცილება.

ენდოკრინოლოგის კონსულტაცია:  გესტაციური დიაბეტის და სხვა ჰორმონალური დისბალანსის თავიდან აცილების მიზნით. როგორიცაა აუტოიმუნური თირეოიდიტი,თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, საჭიროა ჩატარდეს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

გესტაციური დიაბეტი- იგივე ორსულობის დიაბეტი, არის ორსულობის დროს განვითარებული შაქრის მაღალი რაოდენობა სისხლში და ქრება ძირითადად მშობიარობის შემდეგ. ის შეიძლება ორსულობის ნებისმიერ ვადაზე განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია ორსულობის მეორე ნახევარში. გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები დედაშიც და ნაყოფშიც როგორც ორსულობის დროს ასევე მშობიარობის შემდეგ. მაგრამ ამ რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ ეს მდგომარეობა დროულად იდენტიფიცირდება და სწორად გაკონტროლდება. ორსულობასთან დაკავშირებულმა იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები; საშუალო ხარისხის იოდდეფიციტი შესაძლოა დაბალი ინტელექტის მიზეზად იქცეს, ხოლო მძიმე იოდდეფიციტის დროს ვითარდება კრეტინიზმი, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, ზრდის შეფერხება, სიყრუე, მეტყველების გაძნელება,არარსებობა.

 გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულმა ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს. რაც  ორსულს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს  და არც მას და არც მის მომავალ შვილს საფრთხე არ ემუქრებათ.

ვასერმანის რეაქცია:   ეს არის სისხლის შრატის გამოკვლევა სიფილისის გამოცნობის მიზნით. სიფილისი თავად საშიში დაავადებაა, ორსულობის დროს კი რისკი ორმაგდება.

თუ ქალი სიფილისით  დაინფიცირდა ორსულობის დროს ან დაორსულდა მაშინ როდესაც ჰქონდა უკვე სიფილისი, მკურნალობის დროულად დაწყების გარეშე ეს ბავშვისათვის ძალიან საშიში იქნება.

ორსულობის დროს ამ ინფექციამ  შეუძლია გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან მკვდრადშობადობა ან სერიოზული ინფექციის განვითარება ნაყოფში (კონგენიტალური სიფილისი.)

ამიტომ ყოველთვის ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სიფილისზე გამოკვლევა.

 

მეექვსე ვიზიტი - 36-37 კვირა

 

თქვენი პატარა მინიატურული ადამიანის ზომაა, დაახლოებით 35 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

 

ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია

ორსულობის  მესამე ტრიმესტრში ხშირად ადგილი აქვს სიმფიზიტს და ორსულის მენჯ-ბარძაყის სახსრის მტკივნეულობას.

ხშირად გინახავთ ალბათ პინგვინივით მოსიარულე ორსულები. ორსულს თუ წელი სტკივა, სიარული და საწოლში გადაბრუნება უჭირს, ფეხი უშეშდება და კოჭლობს, ახლობლები ამშვიდებენ - ასე ორსულობამ იცისო. სინამდვილეში კი ეს ორსულობამ კი არა სიმფიზიტმა იცის. რომელიც ხშირად თან ახლავს ორსულობას. სიმფიზიტი  მკვეთრად აქვეითებს შრომის უნარს და რადიკალურად ცვლის ცხოვრების წესს. მაგრამ ნაყოფს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. მშობიარობის შემდეგ კი ეს ჩივილებიც წარსულს ჩაბარდება.

სიმფიზიტი მწვავდება ორსულობის 32-34 კვირაზე. როდესაც მოზრდილი ნაყოფი ბოქვენს აწვება. მდგომარეობა სიმფიზიტის ხარისხზეა დამოკიდებული. არსებობს სიმფიზიტის სამი ხარისხი. მეორე და მესამე  ხარისხის სიმფიზიტის დროს რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს ორთოპედის მიერ. მან უნდა გასცეს რეკომენდაცია ორსულობის რომელი გამოსავალი არის მიზანშეწონილი ორსულისათვის - ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა. ხოლო იქამდე კი მიიღოს კვალიფიციური რეკომენდაცია მკურნალობის ტაქტიკის შესახებ.

ჰერპესი HSVI-2 IgM

ჰერპეს ვირუსით განსაკუთრებით მეორე ტიპის ვირუსით ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობის დროს მოხდა, შესაძლოა ნაყოფის ინფიცირებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალური ჰერპესის გამწვავება 34 კვირის შემდეგ. თუ ექიმმა ამ დროს აღმოაჩინა გამწვავება, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია სამშობიარო გზებში გავლისას ნაყოფის ინფიცირების რისკი. სასქესო ორგანოების ჰერპესის დედისგან შვილზე გადაცემა კი ძალიან საშიშია- შესაძლოა  ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს. თუ ქალი ორსულობამდე იყო ინფიცირებული ჰერპეს ვირუსით და ორსულობისას გაუმწვავდა, ამ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არჩევს. ზემოთაღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით  სასურველია  ორსულობის 36-37 კვირაზე  ჩატარდეს სისხლის ანალიზი მასში მეორე ტიპის ჰერპესვირუსის გამოსავლენად.

 სამეანო ულტრაბგერა

ორსულობის 36-37 კვირაზე სამეანო ულტრაბგერით კვლევა მიზანშეწონილია, რათა შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა, მისი სავარაუდო წონა, ასევე სანაყოფე წყლების რაოდენობა და სტრუქტურა, პლაცენტის სიმწიფის ხარისხი, ჭიპლარის სიგრძე, საშვილოსნოს ყელის სიგრძე, ბოქვენის სიმფიზის მდგომარეობა.  ნაყოფის თავის და მენჯის გამოსავლის შესაბამისობა. მიღებული მაჩვენებლების მიხედვით ექიმი სწორად გადაწყვეტს თუ როდისაა სავარაუდო მშობიარობის ვადა და ასევე განსაზღვრავს ორსულობის გამოსავალს, რომელიც უსაფრთხო იქნება როგორც დედისათვის ისე ნაყოფისათვის.

 

 

მეშვიდეე ვიზიტი - 38 კვირა

 

თქვენი პატარა მინიატურული ადამიანის ზომაა, დაახლოებით 40 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

გინეკოლოგის კონსულტაცია

  კონსულტაციისას მნიშვნელოვანია არტ. წნევის გაზომვა, სასიცოცხო ფუნქციების შეფასება, შარდის საერთო ანალიზით შარდში პროტეინურიის განსაზღვრა (პრეეკლამფსიის გამოვლენის მიზნით).

ასეე ა სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პაციენტისთვის, მშობიარობის დაწყების ნიშნებზე, მშობიარობის ეტაპებს, სამშობიარო ტკივილის მართვის მეთოდებსა და ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე.

  სამეანო ექოსკოპია ( ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის განსაზღვრა- ნაყოფის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასების მიზნით)

 ოფთალმოლოგის კონსულტაცია- მშობიარობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით

(ფიზიოლოგიური თუ ოპერაციული მშობიარობა)

ქვედა კიდურის ვენებში სისხლის ნაკადის ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის მეთოდით

ქალებში  ორსულობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ვარიკოზული დაავადებები.რასაც თანდათანობით აღრმავებს მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რის გამოც გაძნელებულია სისხლის გადინება ქვედა კიდურის ვენებიდან. ამიტომ ორსულებში აუცილებელია ქვედა კიდურის ვენებში სისხლის ნაკადის ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის მეთოდით პათოლოგიური პროცესების გამოსარიცხად.

 

მერვე ვიზიტი - 40 კვირა

 

თქვენი პატარა მინიატურული ადამიანის ზომაა, დაახლოებით 51 სმ. 

გაეცანით თუ რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ამ პერიოდში.

 

 

მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა სასურველია მშობიარობიდან 4-6 კვ-ში.

ხდება ვაგინალური გასინჯვა,მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფია,  ფასდება შორისის და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის შეფასება.საშოს ფლორის შეფასება ( ნაცხის მიკროსკოპია).

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ანემია ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ სასურველია განმეორებით ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

ამ პერიოდში ხდება ქალის კონსულტირება მშობიარობის შემდგომი პერიოდის მიმდინარეობაზე, ძუძუთი კვებაზე, კონტრაცეფციაზე, ქალის რაციონალური კვების აუცილებლობაზე.  ასევე უნდა მიეცეს ახსნა- განმარტება რა არის მელოგინისთვის საშროების ნიშნები, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს ქალის ჰისპიტალიზაცია.

შემდგომი ვიზიტის ვადები   განისაზღვრება ინდივიდუალურად.