03Apr
2018
C ჰეპატიტი - დაინფიცირების გზები და სიმპტომები


C ჰეპატიტის ნიშნები:

სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობაზე. ამიტომ, C ჰეპატიტმა  შესაძლოა დაინფიცირებიდან 2 კვირიდან 6 თვემდე შუალედში იჩინოს თავი. დასაწყის სტადიაზე, C ჰეპატიტი  ფაქტობრივად უსიმპტომოდ ვითარდება, რაც ართულებს მის აღმოჩენას და შესაძლოა დაავადება რთულ ფორმამდე პროგრესირდეს. დაავადების ეფექტური მკურნალობა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამიტომ, ინფიცირების ნებისმიერი საშიშროების არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია გაკეთდეს ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის არსებობას.

პირველ სიმპტომებს მიეკუთვნება ქმედითუნარიანობის დაქვეითება, ასთენიური მდგომარეობა, დაღლილობის შეგრძნება. რაც შეეხება ორგანიზმში ვირუსის გამრავლებისა და გამოვლინების ეტაპზე წარმოჩენილ სიმპტომებს, ესენია:

  • მადის დაქვეითება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • საერთო სისუსტე;
  • სახსრების ტკივილი;
  • კანისა და ლორწოვანის ყვითლად შეფერვა;
  • ელენთისა და ღვიძლის გადიდება.

C ჰეპატიტით დაინფიცირების შესაძლო გზები:

C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია ჰემატოგენურად, სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით. ინფიცირება ხდება დაავადებული ბიოლოგიური მასალის სხვა ორგანიზმში მოხვედრით. გამოყოფენ ინფიცირების რამდენიმე გავრცელებულ გზას:

  • საინექციო გზებით, შპრიცის არასტერილურად ან არაერთჯერადად გამოყენებისას;
  • სისხლის გადასხმით, ინფექციური დონორით, ორგანოსა ან ბიოლოგიური მასალის გადანერგვით;
  • არასტერილური ხელსაწყოების გამოყენებით სტომატოლოგიურ კლინიკებსა და ესთეთიკურ ცენტრებში;
  • დედისაგან ნაყოფის დაინფიცირებით ორსულობის პერიოდში;
  • არასტერილურ გარემოში ტრავმირებით;
  • დაუცველი სქესოვბივი კავშირით.

C ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა შეხებითა და ჰაერწვეთოვანი გზით.