26ივნ
2018
ენტეროვირუსი ბავშვებში


ხშირად დედებისთვის თბილი ამინდები ენტეროვირუსების სეზონთან ასოცირდება. სწორედ ზაფხულის მოსვლასთან ერთად მრავლდება ნაწლავური ინფექციების შემთხვევები, ხშირად ენტეროვირუსის გავრცელება ეპიდემიურ ხასიათსაც კი იძენს.

ენტეროვირუსით დაავადება ხდება როგორც, საკვების, წყლის და დაავადებულთან ან მის ნივთებთან უშუალო კონტაქტის საშუალებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით.

ენტეროვირუსული ინფექციისადმი, ორგანიზმი საკმაოდ მრძნობიარეა. განსაკუთრებით ინფიცირება ხშირია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ, მშობლებმა ზაფხულშიც უნდა მიმართონ ყველა იმ საპროფილაქტიკო საშუალებას, რომელსაც გაციების ვირუსის საწინაარმდეგოდ ზამთარში იყენებენ და ბავშვები ენტეროვირუსებისაგან მაქსიმალურად დაიცვან!

 

 

მაგალითად:

  • ხშირია ვირუსის გავრცელება ინფექციის ლორწოვანზე მოხვედრით. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ პატარამ დაუბანელი ხელი არ დაიდოს ცხვირზე, არ მოისვას თვალსა და პირზე.
  • მოარიდეთ უცხო ხალხსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ხშირად ყოფნას.
  • ენტეროვირუსის გამოვლინება შესაძლოა მოხდეს კონტაქტიდან 7-10 დღის განმავლობაში. ამიტომ დაავადებულთან ნებისმიერი ურთიერთობის შემთხვევაში, ბავშვის მდგომარეობას სწორედ ამ დროის მანძილზე ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.
  • თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა გყავთ, სასურველია ხელოვნურ კვებაზე არ გადაიყვანოთ შემოდგომის ბოლომდე.

 

ორგანიზმი ვირუსის გადატანის შემდეგ, გამოიმუშავებს იმუნიტეტს. თუმცა ნაწლავური ინფექციები ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, სწორედ ამიტომ ხშირია ენტეროვირუსით მრავალჯერადად დაავადება.

ენტეროვირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირამდე  განისაზღვრება. დასაწყისი პერიოდი ყოველთვის მწვავე და მოულოდნელია. ნაწლავური ინფექცია ძირითადად გამოიხატება:

 

  • პირღებინებით (არაუმეტეს 2-3 ჯერ 24 საათში);
  • მაღალი 38-39 გრადუსამდე ტემპერატურით;
  • მუცლის და ზოგჯერ სახსრების ტკივილით;
  • ფაღარათით (კუჭის მოქმედება ხშირდება 6-8 ჯერ 24 სათში)
  • ზოგჯერ ენტეროვირუსს თან ახლავს გამონაყარიც.

 

 

დაავადების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს! დაუშვებელია ბავშვის თვითნებური მკურნალობა, რადგან ზოგ შეთხვევაში, ერთი შეხედვით მარტივი ნაწლავური ინფექციას ახასიათებს გართულებები და მდგომარეობის დამძიმება.

 

ენტეროვირუსის დროს, დგება დეჰიდრატაციის ანუ გაუწყოვების დიდი რისკი. ამიტომ, ბავშვმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე, ასევე შესაძლოა პედიატრმა დანიშნოს სითხის ბალანსის აღმდგენი პრეპარატი.

არ გაგიკვირდეთ თუ კი თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, ენტეროვირუსებზე ისინი არ მოქმედებენ, ნაწლავური მიკლოფლორის მდგომარეობა კი შესაძლოა საგრძნობლად დაამძიმონ.

დაავადებულ პატარას კვებას ნუ დააძალებთ! მიეცით კუჭ-ნაწლავურ სისტემას განტვირთვის საშუალება და დატვირთეთ სითხეებით. კვების დაწყებისას მნიშვნელოვანია გარკვეული დიეტის დაცვა, რომელსაც დაგინიშნავთ მკურნალი პედიატრი. 

მსუბუქი ფორმის შემთხვევაში, ორგანიზმი გამოჯანმრთელებას ინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ იწყებს, ამ პერიოდის გადალახვის შემდეგაც ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმსა და რაციონს. სასურველია ბავშვი კვებოთ უფრო ხშირად და მცირე ულუფებით.